15 ივლისამდე ჩანაწერი დამამშვიდებელია, მაგრამ მაინც ანტიკონსტიტუციურია - ბესელია

პუბლიკა

„კონსტიტუციური უფლებების შეღუდვასთან მაინც მივდივართ (საკუთრების შეზღუდვა, პირთა მიმოსვლის შეზღუდვა), უბრალოდ გამოსავალი ის არის, და კი დამამშვიდებელია, რომ 15 ივლისამდე იქნება ანტიკონსტიტუციური კანონი. თუ ამით გვამშვიდებთ, მაშინ კი, ეს არის დამამშვიდებელი, მაგრამ მაინც ანტიკონსტიტუციურია”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ ხდომაზე განაცხადა,  სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„კარგია, რომ ამ ცუდი ჩანაწერის მოქმედება შეზღუდულია დროში. მე ფორმულირებებს დამატებით მოგაწვდით, თუ ამას გაიზიარებთ, ეს კანონპროექტი უფრო გასწორდება…. და არ დატოვებს საფუძველს იმისას, რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე შენიშვნები ჰქონდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავასაც.

„დღეს გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე…  არ გავაუქმოთ პარლამენტი უვადოდ და არ წავართვათ მას საპარლამენტო კონტროლის ბერკეტი უვადოდ, მაგრამ გავაუქმოთ პარლამენტი 15 ივლისამდე. რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იმისთვის, რომ ორივე ეს პრობლემა დარჩეს 15 ივლისამდე, რომ პარლამენტის გაუქმება 15 ივლისამდე მისაღები იყოს, რომ ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა ასევე 15 ივლისამდე მისაღები იყოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.


როგორც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ამ კანონის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებების მოქმედების ვადად  15 ივლისი განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტს  უარყოფითად აფასებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს.

გუშინდელი სხდომის დასასრულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.