საპარლამენტო ოპოზიცია დევნილთა და სოცაგენტების საკითხის განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საუბრობს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს და რიგგარეშე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი დაიბაროს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მინისტრს შეკითხვები უნდა დაესვას როგორც დევნილთა პრობლემაზე, ასევე სოციალური აგენტების გაფიცვის შესახებაც.

„უნდა მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია, კონკრეტული საკითხით დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ეხება არა მხოლოდ დევნილების, არამედ სოციალური აგენტების გაფიცვის საკითხი. ამისთვის საჭიროა 38 დეპუტატის ხელმოწერა, რომლებიც მიმართავენ პრეზიდენტს და შემდეგ კანონის შესაბამისად, მან უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სესია 48 საათში. მანამდე აუცილებელია არსებობდეს 38 ხელმოწერა“, – განმარტა სამნიძემ.

კონსულტაციების დაწყებისთვის მზადაა „ლელოც“. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილიც იქნება, მინისტრისგან უნდა მოისმინონ „რატომ შეიქმნა უმძიმესი კრიზისი.

„თუ წინა მთავრობა ვერ უვლიდა დევნილების პრობლემას, 10 წელი გავიდა, ახლა ამათმა რა გააკეთეს? „ქართულმა ოცნებამ“ რას მიაღწია დევნილებთან მიმართებაში? – მიაღწია იმას, რომ დღეს არის სოციალური მუშაკების გაფიცვა. მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები, ხელისუფლებასთან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი. ოპოზიციას შეუძლია დაიბაროს მინისტრი, მაგრამ მინისტრს შეუძლია სრული უგულებელყოფა მოახდინოს, რაც არაერთხელ ვნახეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

დღეს განცხადება გაავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. პარტია გამოძიების მაქსიმალურ ღიაობას მოითხოვს და აცხადებს, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაცია და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.