17-19 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში 17-19 თებერვალს წვიმას, მათ შორის ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვაც.

სააგენტო აცხადებს, რომ მთიან რეგიონებში თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა გამოიწვიოს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ცნობით, 17 თებერვლიდან „მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით”.

„17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით”, – აღნიშნულია განცხადებაში.