„ყველაფერი სააკაშვილის ხელშია, შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება და ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას“ - კობახიძე

პუბლიკა

დღეს პარლამენტის შენობაში ირაკლი კობახიძე უმრავლესობის წევრებთან ერთად მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელშია, მას შეუძლია, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა.

„ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო.  ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსა და, ზოგადად, ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას.“ – განაცხადა კობახიძემ.


ელენე ხოშტარიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის უკვე მე-15 დღეა შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

ამავე დღეს სააკაშვილმა ხოშტარიას მოუწოდა, შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა ხოშტარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.