18 ნოემბრის მდუმარე აქცია | ოპოზიციური ლიდერების მორიგი შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერების მორიგი შეხვედრა დასრულდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა დაანონსებულ აქციებსა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

პარტიის ლოდერების განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, 18 ნოემბერს მხარდამჭერებთან ერთად ოპერიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, მდუმარე აქციას გამართავენ. მათი თქმით, ეს იქნება საინფორმაციო, სიმბოლური აქცია და ამერიკის დროშასთან ერთად აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირებათ პლაკატები წარწერით – „არჩევნები გაყალბდა“.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისა და მეორე ტურისთვის დაგეგმილი აქციის შესახებაც. როგორც ისინი ამბობენ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია 18 ნოენბრის აქცია და დანარჩენზეც გზადაგზა შეთანხმდებიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, უნდა მივიდეს აქციაზე.

„გამოდი პროსპექტზე, დადექი შესაბამის სტიკერზე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიჭიროთ ხელში ამერიკის დროშა და ერთადერთი პლაკატი წარწერით – გაყალბებულია. ერთადერთი ოფცია რჩება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მან.

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ერთიანი პოზიციითაა წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან.

ოპოზიციის ერთიანობას გაუსვა ხაზი „ლელოს“ წარმომადგენელმა, ფიქრია ჩიხრაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია მთავარ საკითხში, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ოპოზიცია არის ერთიანი და ერთიანია იმაში, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს. დანარჩენი ყველაფერი, რაც წაადგება ამ პროცესს – ქუჩის ფორმატი იქნება, მოლაპარაკების ფორმატი, მედიაში აქტიურობის ფორმატი თუ ნებისმიერი სხვა რამ, ეს იქნება გზადაგზა განხულული“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ოპოზციას დაშლა არ უწერია, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

„ერთობას დაშლა არ უწერია, სანამ არ გავისტუმრებთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ბიძინა ივანიშვილს. შეუძლებელია მთავრობის ფორმირება იმ სისტემაში, რომელშიც პარლამენტში ერთი მმართველი პარტია შებრძანდება. ნებისმიერი მთავრობა იქნება არალეგიტიმური. მათთან არავინ არ დაილაპარაკებს. ბიუჯეტს პარლამენტი ვერ დაამტკიცებს, რადგან ასი ხმა უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ შეიტანს  და ა.შ. ამიტომ პარლამენტი ვერ შედგება“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მათი მოთხოვნები არის უცვლელი – ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება მეორე ტურისთვის 21 ნოემბერს დაგეგმილ აქციას. ნაწილი იზიარებს გუშინ ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მიერ გაჟღერებულ გეგმას საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე არ შემდგარა.

„ლებორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა „ლელოს“ ოფისში გადაინაცვლეს, სადაც დაგეგმილი აქციების ტექნიკურ ნაწილზე უნდა იმსჯელონ.