საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტს წარუდგინა

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით, კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თავმჯდომარე).

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.