19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო შეისწავლის – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ 19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს.

„ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში, იმ დაშვებით, რომ კოვიდსასტუმროდანაც ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევები. რამდენადაც მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – ექიმის შეფასებით, ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის,“ – უთხრა მინისტრის მოადგილემ „კურიერს“.

თბილისში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის Covid-სასტუმროდან  „გერმანულ ჰოსპიტალში“ კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორი, ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ ამ დრომდე შეკრებილი ანამნეზით შეიძლება ითქვას, რომ მისი თანმხლები დაავადება „არ იყო გონივრულად ნამართი“.