19:00-ზე რუსთაველზე ოპოზიცია შეიკრიბება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ვიცე-მერობის კანდიდატებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გუშინ ბრძოლა კი არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება.

მელიამ კონკრეტულ გეგმაზე სასაუბროდ ამომრჩეველს დღეს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.

„ტოტალურად გაყალბებული არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე გამართული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება.

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მადლობა გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის, მხარდაჭერისთვის. გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა; გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია არავინ ვაპირებთ, საქართველოს არც ერთი თავმოყვარე მოქალაქე, ყველაფერ იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს მტკიცე, ურყევ ბრძოლას – მშვიდობიანს, მაგრამ მტკიცეს.

იმისთვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს, საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკრეტული გეგმის თაობაზე ვესაუბროთ ერთმანეთს და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპოვებული არჩევნები შერჩება“, – განაცხადა მან.

თბილისში ხმების 99.87% არის დათვლილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ აიღო 44, 39%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ – 55.60%.