შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარის თქმა, ძალიან სახიფათოა - ვახტანგ კალოიანი

პუბლიკა

„შიმშილობის მე – 17 დღეს ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა. საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ შესამცირებლად“, – ამის შესახებ  ელენე ხოშტარიას პირადი ექიმი ვახტანგ კალოიანი საკუთარ facebook გვერდზე წერს.


პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, როემლიც მე-17 დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, იქამდე, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლი გადაყვანას მოითხოვენ ასევე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.

გუშინ, 18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტთან N18 დაწესებულებაში შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და მან გონება დაკარგა.