საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლის 1937 წლის რეპრესიებთან შედარება არ არის ადეკვატური.
დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში კინოფილმ „მონანიებიდან“ ნაწყვეტი და ინსპექციის წარმომადგენლების მიერ ნახატების წაღების კადრები გამოაქვეყნა.
„სასიამოვნოა? არ არის სასიამოვნო. არც ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს აქვს და ის არც პროცესი, რომელიც გუშინ ვნახე, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვის წინ გაუვიდა ვადა ამ ნახატების ფლობის და არ დააბრუნა. 1937 წელთან გაკეთებული პარალელი ნამდვილად არ არის ადეკვატური და შესაბამისი… დახვრეტილი ადამიანი არ მინახავს და ვერც ვნახავ, ალბათ“, – აღნიშნა დავითულიანმა.
13 თებერვალს ორბელიანის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.
მათ კედლებიდან ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი ჩამოხსნეს და წაიღეს.
მათი განმარტებით, ნამუშევრები ფოტოფიქსაციისთვის და აღსადგენად წაიღეს, შემდეგ კი განიხილავენ, დააბრუნებენ თუ არა მათ სასახლეში.
მათივე თქმით, ეს ნამუშევრები კონკრეტული ვადით იყო პრეზიდენტის სასახლეში, კერძოდ, ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.
პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა კი განაცხადა, რომ ნამუშევრების დაბრუნების ვადა არ დარღვეულა.
მან თქვა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით და შუამდგომლობით გადმოეცა საქართველოს საჩუქრად და ინახება ხელოვნების სასახლეში. ათეულობით ნამუშევრიდან 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამოსაფენად.