კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეშია შესული

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეშია შესული.

როგორც მედიისთვისაა ცნობილი, მათი მიზანია ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო, უკან დააბრუნონ.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ადმინისტრაციაში მივიდნენ ამბობენ, რომ ნახატებს გამოიტანენ სასახლიდან და შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

„მხოლოდ ერთს აქვს მცირე დაზიანება, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, რადგან უნდა მოხდეს ფოტოფიქსაციაც. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ დაბრუნდება თუ არა სასახლეში, “- თქვა სახვითი ხელოვნების ფონდის მცველმა ელო ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ეს ნამუშევრები კონკრეტული ვადით იყო პრეზიდენტის სასახლეში, კერძოდ, ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა.