აბუ-დაბიში მიმდინარე Real American Freestyle-ზე (RAF) ორმა ქართველმა მოასპარეზემ, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა გამარჯვება მოიპოვეს, მესამე მებრძოლი, გიგა ჭიკაძე კი დამარცხდა.
მერაბ დვალიშვილმა, რომელიც აბუ-დაბის საპატიმროდან გუშინ, 13 ნოემბერს გაათავისუფლეს, დაძაბულ ბრძოლაში ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ მან პასუხისმგებელ პირებს მიმართა, გაათავისუფლონ მასთან დაპირისპირებაში მონაწილე პირები.
„მივმართავ ყველას, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, გაათავისუფლეთ ის ბიჭები, გთხოვთ, გამოუშვით ისინი, მე მინდა, რომ ისინი გაათავისუფლოთ“, – განაცხადა დვალიშვილმა.
სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა 21 წლის მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად იყო დაკავებული. მან MMA-ის ამერიკელი ვეტერანი ურაია ფეიბერი დაამარცხა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს საქართველოდან, ვინც აქ ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდა. მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი ვიქნები! როცა აქ მოვედი, არანაირი სტრატეგია არ მქონდა, ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ფორმაში ვარ, მაგრამ ვიბრძოლე, ყველას შევებრძოლები, ყველასთან ვიჭიდავებ, ტაქტიკა არ მაქვს“, – თქვა საბა ლაზიშვილმა გამარჯვების შემდეგ.
ლაზიშვილი ტურნირის ბარათში მას შემდეგ მოხვდა, რაც აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მერაბ დვალიშვილის დასახმარებლად ჩაერთო და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ტურნირზე უმარ ნურმაგომედოვი ჩაანაცვლა.
უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან და საბასთან დაპირისპირებაში მონაწილე უსმან ნურმაგომედოვის ძმაა. არსებული ინფორმაციით, ისიც დაკავებულია.
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ სასტუმროს ტერიტორიაზე მომხდარი ჯგუფური დაპირისპირების საქმეზე 10 პირი დამნაშავედ ცნო.
საბა ლაზიშვილი და მერაბ დვალიშვილი 50 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ექვს ბრალდებულს, მათ შორის, ნურმაგომედოვებს, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯა.
ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ასევე სადებიუტო ბრძოლაში რუს ზაბიტ მაგომედშარიპოვთან დამარცხდა.