ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
უკრაინამ და აზერბაიჯანმა დრონებთან თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში კონტრაქტები გააფორმეს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინას შეთანხმების დეტალები არ გაუსაჯაროებია, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის ოფიციალურ ანგარიშში მასზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა მაღალი დონის შეხვედრებისა და შეთანხმებების სერია, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალი კონტრაქტები – მოიცავს თუ არა ისინი დრონების შესყიდვას, ერთობლივ წარმოებას ან ტექნოლოგიების გადაცემას.
ზელენსკიმ განცხადება ალიევთან 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი ლიდერის განხილვის მთავარი საკითხი დრონებთან დაკავშირებული შეთანხმება იყო. მისი თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობის გაგრძელებაზე, მიუხედავად რუსეთის თავდასხმებისა.
„უპირველეს ყოვლისა „დრონების შეთანხმება“ (Drone Deal) – კონტრაქტები გაფორმებულია და შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ. ჩვენ ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანული კომპანიები უკრაინაში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას, ხშირად რუსეთის სასტიკი თავდასხმების მიუხედავად“, – დაწერა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში დრონებთან დაკავშირებული კონტრაქტები საერთოდ არ იყო ნახსენები. განცხადებაში ყურადღება გამახვილებული იყო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებზე, კერძო სექტორს შორის თანამშრომლობასა და აზერბაიჯანის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, განსაკუთრებით ელექტრომოწყობილობების მიწოდებაზე.
ბოლო განცხადება ბაქოსა და კიევს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მოჰყვა.
25 აპრილს ზელენსკი აზერბაიჯანს ეწვია – ეს იყო მისი პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. იგი ალიევს გაბალაში შეხვდა, სადაც ორმა პრეზიდენტმა თანამშრომლობის რამდენიმე სფეროს მომცველ ექვს ორმხრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
აპრილში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამშრომლობის მთავარ პრიორიტეტებს შორის უსაფრთხოება და თავდაცვის ინდუსტრიაა. მან ასევე ისაუბრა უკრაინელ ექსპერტებზე, რომლებიც აზერბაიჯანში მუშაობენ და ადგილობრივ პარტნიორებს სამოქალაქო მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გამოცდილებას უზიარებენ.
თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს.
აგვისტოში ზელენსკიმ დრონებთან დაკავშირებული შეთანხმების საკითხი უკრაინაში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთანაც განიხილა.
უკრაინა „დრონების შეთანხმების“ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებას ავითარებს. ამ ფორმატის მიზანია, პარტნიორებს გაუზიაროს სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიები, ამასთანავე, გაზარდოს წარმოება და თავდაცვის ინდუსტრიისთვის ახალი ბაზრები მოიპოვოს.
თანამშრომლობის ეს ფორმატი შეიძლება მოიცავდეს ერთობლივ წარმოებას, დაფინანსებას, წარმოების ლოკალიზაციას, ტექნოლოგიების გადაცემას, კვლევასა და განვითარებას, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და სამხედრო გამოცდილების გაზიარებას.
ივლისში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორ ქვეყნებთან დრონებთან დაკავშირებული ცხრა შეთანხმება გააფორმა, ხოლო დაახლოებით 20 სხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.