თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტი დაემთხვა მთიან ყარაბაღში სომხეთზე აზერბაიჯანის გამარჯვების 6 წლისთავს. ერდოღანი ილჰამ ალიევსაც შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორმა ლიდერმა ქვეყნებს შორის ორმხრივ კავშირებსა და „ურყევ მეგობრობას“ გაუსვა ხაზი.
8 ნოემბრის ვიზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს წარმოქმნილი მწვავე და მოულოდნელი უთანხმოების ფონზე გაიმართა. დაპირისპირების მიზეზი აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გახდა, რასაც თურქეთში ფართო კრიტიკა მოჰყვა. ერდოღანის მონაწილეობა დღესასწაულში და მისი განცხადებები თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის სიმტკიცის შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ალიევმაც გაიმეორა, აღქმული იქნა იმის ნიშნად, რომ ორივე მხარე ცდილობს, ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოება წარსულს ჩააბაროს.
ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 7 ნოემბერს ერდოღანმა განაცხადა, რომ 2020 წელს ომში აზერბაიჯანის გამარჯვება „მთელი თურქული სამყაროს სიამაყის წყაროა“.
„ჩვენ ძალას ვიღებთ მეგობრობისა და ძმობის ურყევი კავშირებიდან, რომლებიც ეფუძნება პრინციპს: „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და სოლიდარობას როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ფრაზა „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხშირად გამოიყენება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების აღსაწერად.
მოგვიანებით, ყარაბაღში, შუშაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ქალაქში, რომელიც 2020 წლამდე სომხეთის კონტროლქვეშ იყო, ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისინი, ვინც ამ ძმობის შესუსტებას ცდილობენ, საკუთარ მიზნებს ვერასდროს მიაღწევენ – ვერც დღეს, ვერც ხვალ, ისევე როგორც გუშინ ვერ შეძლეს“.
„ღმერთის ნებით, ჩვენი ერთობა სამუდამოდ ურყევი დარჩება“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მსგავსი გზავნილი პირდაპირ გაიმეორა ალიევმაც. მისი თქმით, ერდოღანის „ჩვენთან ყოფნა გამარჯვების დღეს მთელ აზერბაიჯანელ ხალხს სიხარულს ანიჭებს“.
თუმცა, ორივე ლიდერმა, მართალია, მოკლედ, მაგრამ მაინც აღიარა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს.
ალიევმა ასევე ისაუბრა 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანისთვის თურქეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე – საკითხზე, რომელიც ბოლო კვირებში დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.
„ჩემო ძვირფასო ძმაო, თქვენ და მოძმე თურქი ხალხი იმ 44 დღის განმავლობაში [მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს] ჩვენს გვერდით იდექით“, – თქვა ალიევმა და დასძინა: „თქვენი [ერდოღანის] ისტორიული სიტყვები: „აზერბაიჯანი მარტო არ არის, თურქეთი მის გვერდით დგას“ – არასოდეს დაგვავიწყდება“.
თუმცა, სულ რაღაც ერთი თვით ადრე ალიევმა განაცხადა, რომ გამარჯვებას „მთლიანად საკუთარი ძალებით მივაღწიეთ“.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველას ზურგს უკან ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს – ზოგს რამდენიმე მხარდამჭერიც კი. მაგრამ ჩვენ მარტო ვიდექით“, – თქვა მაშინ ალიევმა.
იმავე გამოსვლაში მან ეს პოზიცია კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა და განაცხადა: „როდესაც დახმარება გვჭირდებოდა, არავინ დაგვეხმარა“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.