აზერბაიჯანში „არასასურველ პირად“ გამოცხადებული თურქი პირი სტამბოლში ერთი დღით დააკავეს

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

თურქ რელიგიურ აქტივისტი, რომელსაც აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვს, სტამბოლის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ერთი დღით დააკავეს. ინციდენტი ბაქოსა და ანკარას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.

მუჰამედ ემინ ილდირიმი – ისლამისტური მედია პლატფორმა Köklü Değişim Medya-ს სტამბოლის წარმომადგენელი იმ 31 თურქეთის მოქალაქეს შორისაა, რომლებიც აზერბაიჯანმა არასასურველ პირებად გამოაცხადა. მის დაკავებას თურქეთში რელიგიური ჯგუფების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ხოლო ისლამისტმა პოლიტიკოსმა ფათიჰ ერბაქანმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰალ ალიევის წინაშე დათმობაში დაადანაშაულა.

ეს მოვლენები აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვებთან დაკავშირებული პროტესტისა და თურქი რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ბაქოს კრიტიკის ფონზე ვითარდება.

კერძოდ, თურქული მედია პლატფორმის, Köklü Değişim Medya-ს სტამბოლის წარმომადგენელი მუჰამედ ემინ ილდირიმი სტამბოლის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავა, თუმცა იმავე ღამეს გაათავისუფლა.

26 ოქტომბერს Köklü Değişim Medya-მ დაკავების შესახებ განცხადება X-ზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმეს ილდირიმის ადვოკატის მონაწილეობით აკვირდებოდნენ.

მედია პლატფორმის შემდგომი განცხადების თანახმად, ილდირიმი 27 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ილდირიმმა მადლობა გადაუხადა აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სხვა პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც მისი დაკავების ფაქტის მიმართ ყურადღება გამოიჩინეს.

„ჰიჯაბი ალაჰის მცნებაა. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს აზერბაიჯანელ დებს, რომლებიც მას აფასებენ“, – განაცხადა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუსლიმების დაცვას და ჩაგრულთა გვერდით დგომას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც თავად მჩაგვრელებად მიიჩნევს.

ილდირიმმა ასევე გააკრიტიკა ისინი, ვინც, მისი თქმით, პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს უსამართლობაზე რეაგირებაზე მაღლა აყენებენ და ცდილობენ იმ ადამიანების გაჩუმებას, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ.

მისი დაკავება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამწვავებას დაემთხვა. უთანხმოების მიზეზებია აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვები და ანკარაში მომუშავე რელიგიური პირების მიერ აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკა.

თურქეთის მოქალაქეებმა და რელიგიუურმა ჯგუფებმა ასევე გააკრიტიკეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩევლის თანამდებობიდან ოქტაი სარალის გათავისუფლება, რომელიც ილდირიმის დაკავებამდე მოხდა.ს ოციალურ ქსელებში ბევრმა მომხმარებელმა ეს მოვლენები ერდოღანის პოლიტიკურ მარცხადაც შეაფასა.

ისლამისტური პარტიის, „ახალი კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერმა ფათიჰ ერბაქანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ერდოღანი გააკრიტიკა და ალიევის მიმართ მის რეაგირებასთან დაკავშირებით კითხვები დასვა.

„ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, „მსოფლიო ხუთზე მეტია“ და რომელსაც მსოფლიო ლიდერად მიიჩნევენ, ილჰამ ალიევს ქედს უხრის?“ – დაწერა ერბაქანმა. მან ერდოღანის იმ ცნობილ გამონათქვამზე მიუთითა, რომლითაც თურქეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს ხშირად აკრიტიკებს. ამ გამონათქვამის არსია, რომ მსოფლიოს ბედი მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს.

„თუმცა, როგორც კი ალიევი რეკავს, ყველაფერი ჩერდება. მნიშვნელობა არ აქვს, რას ეხება საქმე: თავსაფარს, ადამიანის უფლებებს თუ რწმენის თავისუფლებას. შექმნილი სურათი ისეთია, თითქოს ალიევი ბრძანებას გასცემს, ჩვენ კი მაშინვე ვემორჩილებით. გაქვთ უფლება, ერი ამგვარ სირცხვილს აზიაროთ?“ – დასძინა ერბაქანმა.

მანამდე Köklü Değişim-ის წევრებმა სტამბოლში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

ბაქოსა და ანკარას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე აზერბაიჯანმა ცალკე გადაწყვეტილებით თურქეთის შვიდი მოქალაქე საერთაშორისო ძებნილთა სიებშიც შეიყვანა.

27 ოქტომბრის დილიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ თურქეთში Köklü Değişim-ის წევრები დააკავეს ან პოლიციის განყოფილებებში დაკითხვაზე დაიბარეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.