აზერბაიჯანის მმართველი პარტია თურქეთს აკრიტიკებს ჰიჯაბის აკრძალვაზე გაკეთებული განცხადების გამო

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ (YAP) გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველი ოქტაი სარალი, სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლის გამო. მან თურქეთსა და მის მმართველ პარტიას აზერბაიჯანის შიდა საქმეების პატივისცემისკენ მოუწოდა.

სარალიმ განცხადება ორშაბათს, 12 ოქტომბერს გააკეთა. 

აზერბაიჯანელი მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა, სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ. 13 ოქტომბერს „ახალმა აზერბაიჯანმა“ სარალის საპასუხოდ განაცხადა, რომ ზოგიერთი თურქული მედია და სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერი წყაროები, აზერბაიჯანის შესახებ ცრუ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს.

სარალმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მიუღებელი უწოდა იმას, რომ აზერბაიჯანში გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალეს მოსწავლეებს, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ.

„როგორ შეიძლება მორალურად ან სამართლებრივად გამართლდეს მოსწავლის სკოლის ჭიშკრიდან უკან გაბრუნება მხოლოდ იმიტომ, რომ მას რელიგიური მოსაზრებით თავი აქვს დაფარული? ჰიჯაბი დაბრკოლება არ არის – ის რწმენის მოთხოვნაა! განათლების უფლება არ უნდა შეეწიროს იდეოლოგიურ თავსმოხვევას!

აზერბაიჯანისგან ველით, რომ ამ შეცდომას რაც შეიძლება მალე გამოასწორებს. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებს მომავლისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შევუქმნათ, მათ წინსვლაში უნდა დავეხმაროთ. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მიდგომის დამკვიდრება არასოდეს უნდა დავუშვათ“.

13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ახალმა აზერბაიჯანმა“ დაგმო ის, რასაც „აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანია“ უწოდა. პარტიამ აღნიშნა, რომ მისთვის „აუცილებელი“ გახდა პოზიციის გამოხატვა მას შემდეგ, რაც სარალი – ერდოღანის „მთავარი მრჩევლის სტატუსის მქონე პირის“ რანგში და თურქეთის მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ სხვა დეპუტატები „ასეთ კამპანიას შეუერთდნენ“.

სავარაუდოდ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ ჩაცმულობის წესებთან დაკავშირებით სარალის კრიტიკა თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის „ისლამოფობიასა“ და ისრაელთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ კრიტიკას დაუკავშირა.

თავის განცხადებაში პარტიამ უარყო აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთობების კრიტიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბაქო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას „ორი სახელმწიფოს პრინციპის“ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს. პარტიის განცხადებით, აზერბაიჯანი პალესტინელებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს.

ამასთან, პარტიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან „არა პოლიტიკურ კონიუნქტურას, არამედ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს ეფუძნება“.

„ჩვენი ქვეყნის წვლილი ისლამური სოლიდარობის გაძლიერებაში მუსლიმური სახელმწიფოების მხრიდან მაღალი შეფასებით სარგებლობს“, – ნათქვამია „ახალი აზერბაიჯანის“ განცხადებაში.

ეს სავარაუდოდ არის ირიბი პასუხი ერდოღანის მიერ სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაზე. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვები გააკრიტიკა და მათ „ქალთა ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმა“ უწოდა. მან ეს საკითხი „ისლამოფობიასაც“ დაუკავშირა. ერდოღანს აზერბაიჯანი არ დაუსახელებია, თუმცა ბევრმა მისი განცხადებები ბაქოსკენ მიმართულ გზავნილად აღიქვა.

რაც შეეხება სარალის განცხადებებს – „ახალმა აზერბაიჯანმა“ ერდოღანის მრჩეველი და თურქი დეპუტატები დაადანაშაულა „პოპულისტური და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში საკითხის არსის გათვალისწინების გარეშე“.

„ასეთი განცხადებები აზერბაიჯან-თურქეთის ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და საზოგადოებაში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას შეიძლება შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პარტიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ყველა რელიგიას თანაბრად ეპყრობა.

პარტიამ ჰიჯაბის აკრძალვის პოლიტიკა აზერბაიჯანის სეკულარული პოლიტიკით გაამართლა და აღნიშნა, რომ სეკულარიზმის პრინციპი „თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც არის განმტკიცებული“.

„ახალი აზერბაიჯანის პარტია მიიჩნევს, რომ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი მაღალი სახელმწიფო თანამდებობების პირებმა, საკუთარ განცხადებებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და პატივი სცენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობასა და შიდა საქმეებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.