აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვას პროტესტი მოჰყვა - სავარაუდოდ, შეზღუდეს სოცქსელებთან წვდომა

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანში სოციალური ქსელების წვდომას ზღუდავენ იმის პარალელურად, რომ სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვასთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება. 

აზერბაიჯანში მომხმარებლები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის პრობლემების შესახებ იუწყებიან და აცხადებენ, რომ პლატფორმები მხოლოდ VPN-ის გამოყენებით მუშაობს. ეს აძლიერებს ვარაუდებს, რომ ხელისუფლება წვდომას ზღუდავს სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფონზე.

მომხმარებლების ცნობით, 12 ოქტომბრის დილიდან პლატფორმები მიუწვდომელი იყო. ზოგიერთი მათგანი კავშირის შენელებას, სიახლეების ველის განახლების შეფერხებასა და ვიდეოების ჩატვირთვის პრობლემებს უჩიოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებების მონიტორინგის სერვისებმა აზერბაიჯანიდან მიღებული საჩივრები დააფიქსირეს, მათ Instagram-სა და TikTok-ზე გლობალური მასშტაბის შეფერხება არ დაუდასტურებიათ. OC Media-მ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წვდომის შეზღუდვები შესაძლოა ბოლო პერიოდში ჰიჯაბთან დაკავშირებული ვიდეოების გავრცელებას უკავშირდებოდეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას გავრცელებულ შეფერხებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება არც Instagram-სა და TikTok-ს გაუვრცელებიათ.

12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა პროსახელისუფლებო მედია APA-ს განუცხადა, რომ ბაქოში ადამიანთა ჯგუფმა სკოლის პერსონალთან „დაპირისპირების გამომწვევი სიტუაციები შექმნა“ სასკოლო ტანსაცმლის ერთიანი წესების შემოღების გამო, დააზიანა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები და სცადა ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აფერხებდა მოძრაობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას.

სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტი სასკოლო ჩაცმულობის წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. სექტემბერში მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „სეკულარული ჩაცმულობის წესებს“ ადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წესებში ჰიჯაბი პირდაპირ ნახსენები არ არის, ინტერნეტში გავრცელდა არაერთი ცნობა და ვიდეო, რომლებშიც, როგორც ჩანს, ახალგაზრდა გოგონებს სკოლებში შესვლის უფლებას არ აძლევენ – სავარაუდოდ ჰიჯაბის ტარების გამო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს, რომ მოსწავლეები სკოლების გარეთ საპროტესტო აქციებს მართავენ და გაკვეთილებს ბოიკოტს უცხადებენ იმ გოგონების სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, ჰიჯაბის ტარების გამო სკოლაში შესვლის უფლება არ მისცეს.

კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა და ხელისუფლება სასკოლო უნიფორმის მოთხოვნას ტრადიციულად საჯარო განათლების სეკულარული ხასიათით ამართლებს.

თუმცა, ამ წესების რელიგიურ თავსაბურავებზე გავრცელება არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებისა და კამათის მიზეზი. 2010-2012 წლებში მსგავსმა შეზღუდვებმა საპროტესტო აქციები გამოიწვია. ზოგიერთი აქცია პოლიციამ დაშალა, რასაც დაკავებებიც მოჰყვა.

აზერბაიჯანში საჯარო დემონსტრაციები იშვიათია, რადგან ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს იმ შეკრებებს, რომლებზეც ოფიციალური ნებართვა არ არის გაცემული.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.