გარეთ უორდი: კრიპტოთი რუსული კაპიტალის გათეთრების მტკიცებულებები საქართველოშიც ვნახეთ - ამიტომ დავასანქცირეთ რამდენიმე კრიპტოპლატფორმა

პუბლიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტის მეშვეობით გადაადგილებისა და ფულის გათეთრების გარკვეული მტკიცებულებები არსებობდა. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

ელჩის განმარტებით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსული კაპიტალი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილებისთვის ახალ გზებს ეძებს, მათ შორის კრიპტოვალუტას იყენებს.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ცენტრალურ აზიაშიც გამოვლინდა, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები საქართველოშიც არსებობს.

„ეკონომიკური დივერსიფიკაცია გონივრული სტრატეგიაა. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში არსებობს ჩინეთის ინვესტიციები, ან რომ არსებობს ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, საჭიროა ბალანსი. არ არის მდგრადი მხოლოდ ერთ საინვესტიციო პარტნიორზე დაყრდნობა. და აქ ვიტყოდი რამდენიმე რამეს, რაზეც მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა.

პირველ რისკად დავასახელებდი ჩრდილოვან ფინანსებს და აქ ჩვენ ვხედავთ რუსეთს. ისე, რუსეთზე მკაცრი დასავლური სანქციების გამო, რომლებიც, სხვათა შორის, მუშაობს, ჩვენი შეფასებით, ნავთობისა და გაზის 450 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შემოსავალი უკვე იქნა მოხსნილი რუსეთიდან ამ სანქციების მეშვეობით. ასე რომ, ზეწოლა მუშაობს და ახერხებს რუსეთს ფულის გამომუშავებაში შეუშალოს ხელი და არ მისცეს უფლება გააგრძელოს ომი უკრაინაში.

მოკლედ, რომ გითხრათ, სანქციები მუშაობს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსული კაპიტალი ეძებს გასასვლელ გზებს, ფულის გათეთრებას, ძირითადად კრიპტოვალუტის მეშვეობით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება ცენტრალურ აზიაში. ჩვენ ასევე ვნახეთ ამის გარკვეული მტკიცებულებები საქართველოში“.

ჩვენ ამიტომაც დავასანქცირეთ რამდენიმე კრიპტოპლატფორმა საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც მიიღო ზომები დაურეგისტრირებელი კრიპტოსუბიექტების წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმები და სისხლის სამართლებრივი დევნაც კი.

ასე რომ, ყველას გვმართებს სიფრთხილე, რათა შევაჩეროთ უკანონო ფინანსების ნაკადების შემოსვლა ქვეყანაში“, – განაცხადა ელჩმა.


2026 წლის 26 მაისს დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტოკომპანიას სანქციები დაუწესა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციები შეეხო კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც, ბრიტანული მხარის შეფასებით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს.

დიდი ბრიტანეთის მიხედვით, ეს ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა დასავლური სანქციებისგან გვერდის ასავლელად, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების დასამუშავებლად რუსეთის საომარი ეკონომიკის დაფინანსებისთვის.

დიდი ბრატანეთის მთავრობის განცხადებით, თავად ამ ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით, ქსელმა გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხა – რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უდრის.

დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა:

„შპს AIFORY – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორში.

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შპს AIFORY ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.

შპს ARVIX – ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ჩართული პირებისთვის (კერძოდ Garantex-ისა და Grinex-ისთვის) ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან სახსრების, ეკონომიკური რესურსების ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით.

შპს ARVIX იღებს ან იღებდა სარგებელს ან მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.

შპს RAPIRA GROUP – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.

ის ჩართულია ან ჩართული იყო უკრაინის დესტაბილიზაციაში, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაში.

ეს გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც თავად აწვდის ფინანსურ სერვისებს ან უზრუნველყოფს ისეთი სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარას.“

27 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება და უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

უწყების განცხადებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

„გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, – აცხადებს საგამოძიებო.