საგამოძიებო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება და უკვე მიღწეულია შედეგები

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება და უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

უწყების განცხადებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

„გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, – აცხადებს საგამოძიებო.


დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათ დაასანქცირეს ჩრდილოვანი ფინანსური და კრიპტოვალუტის ქსელები, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა.

ბრიტანული სანქციების ახალ პაკეტში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანიაც აღმოჩნდა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთზე ფოკუსირებულ ბირჟებზე ოპერირებდნენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. 

როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.