ვატო ყიფიანს, „კაწროსა“ და კიდევ 3 პირს დავით ფეიქრიშვილის საქმეზეც შეეფარდათ პატიმრობა

პუბლიკა

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს (კაწრო), შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი უკვე იმყოფებიან პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

მათი წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 12:00-ზე დაინიშნა.

ბრალდებულები პროცესს არ დასწრებიან.

ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

„ეს ბრალი, რაც წარდგენილია, არის დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი, დადგმული სცენა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელი მოგვაწერინეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა კი გუშინ განუცხადა მედიას, რომ „კაწრო“ დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისა და ციხის უფროსის პროცესი. მათმა ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბრალდებულების პოზიციაზე ვერ ისაუბრებს. მასაც გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში ძალადობის საქმეზე 7 პირს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“), დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.