1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

პუბლიკა

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

„დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

„9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა,“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

9 აპრილთან დაკავშირებით წერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი,-  „9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას.”

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღეს დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

საკანომდებლო ორგანოს წინ შეკრებილები არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები.