2-5 მაისს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა

პუბლიკა

2-5 მაისს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.

გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან – კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან. ასევე, დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს.

ასევე, პროგრამაში არის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან, გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ასევე საუბარი შეეხება  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, გეოპოლიტიკურ საკითხებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.