ბერბოკი: ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, მინისტრი ამბობს, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს.

ოფიციალურ განცხადებაში ის ასევე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ისაუბრებენ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას კანდიდატი სტატუსის მისაღებად.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირი არის ნათელი მიზანი. გასული კვირების განმავლობაში მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა. ასევე,  ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან.

საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ  უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაში კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩვენ ვეროპული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია”, – ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, დღეს, 23 მარტს ესტუმრება. ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.