2%-იან საარჩევნო ბარიერზე ცვლილებებს სტატუსის მონიჭების შემდეგ მივიღებთ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი მას შემდეგ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რაც ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. მისი თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესბობის სახელით, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პარტიაში ღრმად სწამთ, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

„დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა კობახიძემ.


საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.

რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;

რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile