2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება

პუბლიკა

2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პირობა დაასახელა, რომლებსაც უკრაინული მხარე რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე დააყენებს.

ზელენსკის განცხადებით, ეს პირობებია:

  1. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა;
  2. 2.პატიმრების გათავისუფლება;
  3. გატაცებული ბავშვების დაბრუნება.

„საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მომზადდეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ძირითადი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 30 მაისს განაცხადა, რომ დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით და „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა წინადადებებით ჩავა“. 

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია „იმავე“ შემადგენლობის იქნება, რაც წინა, 15-16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე იყო. 

მაშინ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.