2 მუნიციპალიტეტში ოპოზიციის კანდიდატების მონაცემები „ოცნების“ კანდიდატისას უახლოვდება - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ორ მუნიციპალიტეტში „ოპოზიციის კანდიდატების მონაცემები „ოცნების“ კანდიდატთა რეიტინგს უახლოვდება. მდინარაძე მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს, რათა აღნიშნულ ორ ოლქშიც „რისკები გამოირიცხოს“. მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ მუნიციპალიტეტებს გულისხმობს.

„ჩვენი პარტიული აქტივი რა ინფორმაციასაც გვაწვდის, ეს არ შეიძლება იყოს სრული სიზუსტით, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ ცდებიან ხოლმე, მხარდამჭერებს მობილიზებასაც უწევენ და მეტნაკლები სიზუსტით იციან რა რაოდენობის მხარდამჭერი გამოცხადდა უბნებზე და ხმა მისცა. მათი მონაცემებით, ორგან არის გარკვეული რისკი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მონაცემები უახლოვდება ჩვენი წარმომადგენლების მონაცემებს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური აქტივობა იყოს. სხვაგან, იგივე მონაცემებით, ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.