2 წელში აღსრულების ბიუროში გამოსახლების მოთხოვნის შესახებ 1 300-ზე მეტი განცხადება შევიდა - EMC

პუბლიკა

EMC ეხმაურება ბოლო თვეების განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების/გამოსახლების მცდელობების გახმაურებულ შემთხვევებს და ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად ცალკეული ნაბიჯებისა (მათ შორის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება), ამ სფეროში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა – არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება.

„გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან. ამის პარალელურად, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1 300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს”, – წერს EMC.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებთან. მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში არსებობს, არის ის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და  გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება.

„ქვეყანას გამოსახლების პრევენციის სისტემა ფაქტობრივად არ გააჩნია. პრევენციის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. განსაკუთრებით სუსტია სამართლებრივი დაცვის გარანტიები გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, რადგან გასაჩივრების ფაქტი ვერ უზრუნველყოფს გამოსახლების პროცესის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ გროვდება ინფორმაცია გამოსახლების მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ. ამგვარი მონაცემების არარსებობის პირობებში სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, დაგეგმოს პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა.

გამოწვევას წარმოადგენს უშუალოდ გამოსახლების აღსრულების პროცესის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამოსახლების აკრძალვას ღამის ან/და ზამთრის პერიოდში/ცუდ ამინდში; იგი არ აწესებს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ინფორმირებულობის ჯეროვან სტანდარტს და გამოსახლების პროცესში არ უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრისზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ჩართულობას.

დიდი გამოწვევაა, ასევე, გამოსახლებული პირების უზრუნველყოფა ადეკვატური საცხოვრისით. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხდება მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მოწყვლადობა და მათი უსახლკარობის რისკები. აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების დროს დგას. გამოსახლების შემდგომ, შესაბამის ორგანოებს არ აქვთ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ეს პირები საცხოვრისით დააკმაყოფილონ. ამის ნაცვლად, კანონმდებლობა მუნიციპალიტეტების მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებით შემოიფარგლება. შესაბამისად, გამოსახლების შემდგომ პირმა უნდა დააკმაყოფილოს უსახლკარობის კრიტერიუმები, რაც პრობლემურია, რადგან, საქართველოში მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს უსახლკარობის ფაქტის დადგენის მეთოდოლოგია ან/და საცხოვრისის სერვისი, რის შედეგადაც, გამოსახლებული პირების უკიდურესი მოწყვლადობის მდგომარეობაში აღმოჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გამოსახლების რეგულირების მცდელობისა, რაც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების აკრძალვითა და ამ პროცესის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წარმართვის დაწესებით გამოიხატა, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არსებობს გამოსახლების პრევენციული ღონისძიებები და სერვისები, არ ხდება გამოსახლებული/გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირებისა და ოჯახების საჭიროებების შესწავლა და გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე სათანადო საცხოვრისითა და სხვა მხარდამჭერი სერვისებით უზრუნველყოფა, ეს ცვლილებებიც მხოლოდ პრობლემის გადავადების, თუმცა არა მისი მოგვარების გზად შეიძლება ჩაითვალოს და არსებითად ვერ ცვლის ამ პირების მდგომარეობას.

ამ ფონზე, რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოთა კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს გამოსახლების პრევენციის მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც ვარირებს ზოგადი ზომებიდან (როგორიცაა, სოციალური დაცვის, ასევე, ფულად – საკრედიტო და საბინაო სფეროების სრულყოფის ღონისძიებები) გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირების დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებამდე (მაგ. ფინანსური და სამართლებრივი მხარდაჭერა, გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადება, სესხის რესტრუქტურიზაცია და სხვა). პრევენციის ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ჩართულობასა და ინფორმირებულობას გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის გამართულ კოორდინაციას.

გამოსახლების თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს დეტალურად გაწერილი რეგულაციების შესაბამისად და, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება გამოსახლების პროცესის დასრულებით არ მთავრდება. ქვეყნებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ, რომ გამოსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ უსახლკაროდ, აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება აღნიშნული პირების სათანადო საცხოვრებლისა და სხვა რელევანტური სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება.

გამოსახლების სფეროში საქართველოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გასწიოს მაქსიმალური ძალისხმევა სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისათვის, მათ შორის, გამოსახლებული და გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირების/შინამეურნეობების წინაშე არსებული გამოწვევების თანმიმდევრული და ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით:

  • ბაზისურ საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციამდე, სახელმწიფოს მიერ განხილულ იქნას ისეთი დროებითი ზომის გამოყენება, როგორიცაა გამოსახლების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც დაიცავს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებსა და შინამეურნეობებს უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენისაგან;
  • გამოსახლების ყველა ეტაპის მარეგულირებელი კანონმდებლობა მოვიდეს თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების საფუძველს შექმნის;
  • გამოსახლების პრევენცია და მისი რაოდენობის შემცირება გახდეს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მუშავდება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ჩამოყალიბდეს გამართული ინსტიტუციური ჩარჩო, რაც, მათ შორის, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საფუძველს შექმნის”, – წერს EMC.