ხატიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლება გადაიდო

პუბლიკა

დღეს, დილიდან თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მიზნით მივიდა.

სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფება და მათივე განცხადებით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დღეს დილიდან მოლაპარაკება მიმდინარეობდა კერძო მევახშის წარმომადგენელთან, თანხის რესტრუქტურიზაციისა და დავალიანების თვეებზე გადანაწილებასთან დაკავშირებით, რათა ეტაპობრივად დაფარონ ის და, შესაბამისად, ოჯახი არ გაასახლონ ბინიდან.

ბინაში მცხოვრები მარინა ხატიაშვილი ჰყვება, რომ ყველაფერი ბანკის ვალით დაიწყო. მან 2008 წელს „საქართველოს ბანკში“ 20 000 დოლარის სესხი აიღო და 2013 წლამდე ეტაპობრივად იხდიდა.

„2013 წელს 700 დოლარი მქონდა დავალიანება „საქართველოს ბანკის“, თვითონ ბანკის ადვოკატმა მირჩია, მევახშესთან წადიო. შემდეგ კერძო იპოთეკარის მიმართულებით წავედით… როგორც კი მამა გარდაიცვალა, დავიწყე ბინის გაყიდვაზე მუშაობა. თვითონ იპოთეკარიც მიგზავნიდა კლიენტებს, მაგრამ როგორც დაიძრა საქმე და რეალური მყიდველი გაჩნდა, უცებ გაიტანეს აუქციონზე და როგორც ხდება ხოლმე, თვითონ გადაიფორმა იპოთეკარმა“, – ჰყვება მარინა ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ბანკის წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა საქმე წააგო.

ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი საქართველო“.  „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, შეაჩეროს დანიშნული გასახლებები და შეასრულოს მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რათა გამოირიცხოს ადამიანების საცხოვრებლებიდან გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება.

მათივე მოწოდებით, დღეს ოჯახის მხარდასაჭერად და გამოსახლების შესაჩერებლად საპროტესტო აქციაც დააანონსდა.

„პუბლიკასთან“ საუბრისას ოჯახის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამბობს, რომ გამოსახლების პროცესი გადაიდო და ოჯახსა და ბინის მეპატრონეს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.