2%-ზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ, „ოცნება“ და ენმ ჩაგდების საბაბს ეძებენ - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ისინი 2%-ზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდათ.

„ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია, რომ „ნაცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეთ და „ქართული ოცნება“ პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს. ჩვენ 2 პროცენტზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ცვლილებების ჩაგდება უნდათ და საბაბს ეძებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას „ქართული ოცნება“ დათანხმდა.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილების მიღების აუცილებლობას.

„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. დღეს ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის ბარიერი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, უფრო სწორად, არის სრულიად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.