20 ივნისის მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო – სუს

პუბლიკა

თბილისში 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

„2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.

აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.