20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბუდაღაშვილს, კახა კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების საფუძელზე მათ 3 წლით პირობითი მსჯავრი და 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
პროცესზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნეს. დაკავებულებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების შედეგად ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ ბუდაღაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, ვინაიდან პოლიტიკური ელფერი მიიღო ამ ყველაფერმა“ და ამის გამო აღიარა ბრალი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის თავს დამნაშავედ, ბუდაღაშვილმა უპასუხა, რომ არა.
რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა. მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალად ედებოდათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.