პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ - „გავრილოვის ღამეს“ დაკავებული

პუბლიკა

20 ივნისის აქციაზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას პენიტენციალურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

როგორც ის ჰყვება, მასთან ორი პირი გლდანის ციხეში რამდენჯერმე იყო შესული. ისინი მისგან მუქარის საშუალებით ცდილობდნენ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენება მიეღოთ. ზურაბ ბუდაღაშვილის თქმით, მას შეუძლია დაასახელოს ეს პირები და შესაბამისი ჩვენება მისცეს გამოძიებას.

„პუბლიკასთან“ ზურაბ ბუდაღაშავილის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ემუქრებოდნენ და პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ოჯახის წევრებს, კერძოდ, ძმებს პრობლემები შეექმნებოდათ.

„დაკავებიდან დაახლოებით 2 კვირაში დააკავეს ზურა ბუდაღაშვილის ძმა, ჩაუდეს ნარკოტიკი, სცემეს. მე ვარ გიორგი ბუდაღაშვილის ადვოკატიც. სასწრაფო წესით მოვითხოვე სამედიცინო შემოწმების ჩატარება და ის ფაქტი, რომ ის ნაცემი იყო, ასევე დოკუმენტურად დადასტურდა”, – ამბობს ვახტანგ იაშვილი. 

ის აღნიშნავს, რომ რაც ახლა ზურაბ ბუდაღაშვილის და სხვა დაკავებულების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნაა და ამას სამართლებრივ პროცესთან კავშირი არ აქვს.

ზურამ ბუდაღაშვილის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო. ის 20 ივნისს ღამით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სამ პირთან ერთად. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატ ვახტანგ იაშვილის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, სხვა პატიმრებიც მსგავს მდგომარეობაში არიან და მათზეც ხორციელდება ზეწოლა. ის იმედოვნებს, რომ ისინიც იტყვიან ამის შესახებ.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, რომ მან დღემდე არაფერი იცოდა ამის შესახებ.

„კი მართალია ხორციელდებოდა ჩემზე დევნა, ჩემს შვილებზე დევნა, მაგრამ თუ ასე იყო საქმე და ზურა ასეთი ზეწოლის ქვეშ იყო იქ, ეს არ ვიცოდი. ახლა მეშინია. დღეს ვტირი, იცით რატომ? მეშინია, თავს ვგრძნობ აბსოლუტურად დაუცველად. დაუცველია ჩემი პატიმარი შვილი, დაუცველი არიან ჩემი შვილები. სამი შვილი მყავს და სამივეს ემუქრებიან. სახლიდან გამოსვლისას ვხედავ, რომ ვიღაც დგას და მითვალთვალებს. სულ ვხედავ, რომ ვიღაც დამყვება და მითვალთვალებს. ზეწოლა ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ, როცა ერთი შვილი დაპატიმრებულია, ციხეშია და მეორე შვილს ნარკოტიკს უტენიან ჯიბეში“, – ამბობს მაგული გობეჯიშვილი.

პროკურორის ვაჟა თოდუას თქმით, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში.

როგორც  ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა, კერძოდ, მოწმეების დაკითხვა.

„ჯერჯერობით მათი წარმოდგენილი მოწმეები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ არიან პოლიციელები და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ განხორციელებული რამე უკანონო ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება მათ არ უნახავთ და არ შეუმჩნევიათ.  ასეთი სასაცილო სიტუაცია გვაქვს”, – ამბობს ვახტანგ იაშვილი. 

ზურაბ ბუდარაშვილის და 20 ივნისს დაკავებული კიდევ სამი პირის პროცესები გრძელდება. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული.