20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირი მზად არის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ, თამლიანი მტკიცებულებებს უდაოდ არ ხდის

პუბლიკა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. შესაბამისად, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის მტკიცებულებებს უდაოდ არ ხდის.

„მივედი, უკვე საბუთი გამზადებული ჰქონდათ, იქ ეწერა ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილი და სოსელია თანახმა (არიან) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წავიდეს საპროცესო შეთანხმებაზე, 3 წელი პირობითი და 2 000 ლარი უნდა გადაიხადონ ჯარიმა. მერე წერია, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი, არის წინააღმდეგი საპროცესოზე წასვლის, 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ნამდვილად არ ვაღიარებ არც მე და არც ჩემი შვილი…. ჩემი შვილი არის 45 წლის, სრულწლოვანი, რა საჭირო იყო ჩემგან ხელის მოწერა. დამცინეს, კიდევ ერთხელ დამცინეს“,- განაცხადა „მთავარის“ ეთერში თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სავარაუდოდ მომდევნო პროცესზე გაირკვევა საპროცესო შეთანხმების რა ფორმა გაუფორმდებათ იმ სამ ბრალდებულს, რომლებმაც უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.