გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქმე აღიძრა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდებზე.
რას ედავებიან გიორგი გახარიას
- 20 ივნისის საქმე
გიორგი გვარაკიძემ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. გვარაკიძის თქმით, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკვეთა გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში:
„2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება.
მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.
შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.“
- ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდი
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შს მინისტრმა გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
„აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – განაცხადა გენპროკურორმა.
გიორგი გახარიას, რომელიც თვეებია, საქართველოში არ იმყოფება, ბრალდება ორი მუხლით წარედგინება:
- 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის (მ) ქვეპუნქტით – ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
- მუხლი 333, მე-2 ნაწილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პროკურატურა სასამართლოს გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.