სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 4,5 წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ნაწილი. ასევე, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე.

ECHR-მა ასევე დაწერა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცველები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ძალადობაში, ამოცნობადები იყვნენ, რაც ამ საქმეზე ასევე პრობლემას წარმოადგენს.

26 განმცხადებლები სარჩელით ამტკიცებდა, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და რომ გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტური.

გარდა ამისა, აპლიკანტები მიუთითებდნენ მე-10 (გამოხატვის თავისუფლების), 11-ე (შეკრების თავისუფლების) და 13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევაზე.

თუმცა, ამ მუხლების დარღვევა მათ მიმართ სასამართლომ არ დაადგინა.

ზოგიერთი განმცხადებელი სარჩელში აცხადებდა, რომ 38-ე მუხლის ფარგლებში სახელმწიფომ, მთავრობამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, პროაქტიულად ეცნობებინა სასამართლოსთვის მათ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ახალი კანონმდებლობის შესახებ.

ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს რამდენიმე განმცხადებლის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა.

კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, პირველი, მე-6, მე-9 და მე-11 მომჩივანი აცხადებდა, რომ მათ ფაქტობრივად დაკარგეს მხედველობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად. ზიანის დათვლის შემდეგ, სახელმწიფოს დაეკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა.

ქურდოვანიძეს, გომურს, ულაშვილს და ჩანქსელიანს – 15 000 ევრო;

ცაავას, კმუზოვს, სვანაძეს, ბაღაშვილს, ნემსაძეს, ვახტანგაძეს, ხოზრევანიძეს, კოშკაძეს, მურადოვს, ჭუმბურიძეს, აბაშიძეს, დიასამიძეს, ფოჭორგაძეს, შეყილაძეს, შარვაშიძეს, დიდბერაშვილს და ბერიკაშვილს, – 5 000 ევრო;

ხვადაგიანსა და ჩიკვილაძეს – 1800 ევრო.

2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი ანტირუსული აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად – სპეცრაზმით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და რეზინის და სხვა სახის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შედეგად, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

20 ივნისის აქციის დაშლას მოჰყვა 3-თვიანი უწყვეტი საპროტესტო მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის და პროპორციული არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო, თუმცა, იმავე წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ პირობა არ შეასრულა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ხოლო შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.