20 ივნისს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

20 ივნისის აქციაზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

27 ნოემბერს ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას პენიტენციალურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე და მზად არიან, ადვოკატთან ერთად გამოკითხონ ზურაბ ბუდაღაშვილი.

ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ ჰქონია რეაგირება და არ გამოუკითხავს ბრალდებული. მისივე თქმით, როცა ბუდაღაშვილმა აღნიშნულის შესახებ განაცხადა, იმავე დღეს გადაიყვანეს გაურკვეველი მოტივით სხვა საკანში, სადაც მარტო იმყოფება.

„ანუ გაუუარესეს პირობები იმავე დღეს. გამოძიების დაწყება პროკურატურის ვალდებულებაა. იმავე დღეს სასამართლომ აღნიშნულზე გააკეთა განმარტება და პროკურორმა დადო პირობა, რომ თავის ხელმძღვანელობას მოახსენებს ამის შესახებ.

ვინაიდან ეს არის იმთავითვე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, მათ ჰქონდათ ვალდებულება, დაეწყოთ გამოძიება. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ მომხდარა.

ჩვენ ასეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ინტერესედება ამ კატეგორიის დანაშაულით, აუცილებლად  მივმართავთ სახალხო დამცველს. ასევე, შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ავუხსნით რა ვითარებაა – ის, რომ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფზე ხორციელდება ზეწოლა, არაადამიანური მოპყრობა და იძულება სასურველი ჩვენების მიღების მიზნით“, – ამბობს ვახტანგ იაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ პოლიციელები, რომლებიც როგორც ადვოკატი ამბობს, ვერაფერს მამხილებელს ვერ იტყვიან მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, ვინაიდან ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზურაბ ბუდაღაშვილის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება. ის 20 ივნისს ღამით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სამ პირთან ერთად. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.