20 ივნისს დაშავებულები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავენ

პუბლიკა

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავენ.

დიპლომატებისთვის გაგზავნილ წერილში ისნი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტირება და პარლამენტში დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი. ისინი ამბობენ, რომ ეს კანონპროექტები ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააქრობს.

„დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ივნისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარებს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 3 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია.

„მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტის ხელისმომწერებიც სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას კრიზისულ პერიოდში ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უცხადებენ იმ ძალისხმევისათვის, რომლებიც მათ გასწიეს. ამავე განცხადებაში აქტივისტები მიმართავენ ელჩებს, რომ ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რათა კრიზისი დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას.

„გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ: მაკო გომური, ირაკლი ფავლენიშვილი, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულისკერია, ლუკა პეტრიაშვილი, თამარ ბაღაშვილი, დავით შეყილაძე, ბესიკ თამლიანი, ვატო გელაშვილი, დავით ხვადაგიანი, დემეტრე ნაყოფია და დავით ქურდოვანიძე.