20 ივნისს მხედველობადაკარგული მოქალაქისთვის შსს-ს ცხოვრების ბოლომდე სარჩოს გადახდა დაეკისრა - საია

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ შსს-ს მორალური ზიანს ანაზღაურება დააკისრა იმ მოქალაქისთვის, რომელმაც 20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევისას მხედველობა დაკარგა.

როგორც საიას განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 155 ლარის გადახდა სიცოცხლის ბოლომდე.

სწორედ საია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს. გთავაზობთ ორგანიზაციის განცხადებას:

„მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის  კანონიერ ძალაში შესული არ არის.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც”, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.