20 ივნისს თვალდათხრილ ადამიანს დაზარალებულის სტატუსი ისევ არ მიანიჭეს - ოჯახი

პუბლიკა

„მეორედ გვითხრეს უარი 20 ივნისს თვალდათხრილი ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა და 20 ივნისს დაზარალებული კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა განაცხადა.

ნათია ლეთოდიანის განცხადებით, პროკურატურა აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ დაუდგენიათ, რამდენად სწორად იყო გამოყენებული ლეთოდიანის წინააღმდეგ ღონისძიებები.

„მათ მეორედ გვითხრეს უარი 20 ივნისს თვალდათხრილი ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მამაჩემმა, კობა ლეთოდიანმა ცალი თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში, ხოლო მეორე თვალი 20 ივნისს გავრილოვის სისხლიან ღამეს, პარლამენტის წინ. დადგენილებაში კი წერია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ დაუდგენიათ ჯერ რამდენად სწორად არის გამოყენებული მის წინააღმდეგ ღონისძიებები.

ეს არის ყოვლად დამცინავი დადგენილება არა მარტო მამაჩემის, არამედ ყველა დაზარალებულის მიმართ, რომლებმაც აუნაზღაურებელი ტრავმა მიიღეს 20 ივნისის ღამეს“, – განაცხადა კობა ლეთოდიანის შვილმა ნათია ლეთოდიანმა.

მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება არის „დამცინავი“. ლეთოდიანის განცხადებით, ის ყველა გზასა და ბერკეტს გამოიყენებს, რათა სამართალს მიაღწიოს.

„3 წელზე მეტი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან და მათ ვერ გაარკვიეს, ორი თვალით დაბრმავებული ადამიანი არის თუ არა დაზარალებული. მე, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, მოქალაქე და როგორც დაბრმავებული ადამიანის ოჯახის წევრი, ყველა გზას და ბერკეტს გამოვიყენებ, რომ უსამართლობის ეს ჯაჭვი რაღაცნაირად გავწყვიტოთ და სამართალს მივაღწიოთ.

მე არანაირი ნდობა არ მაქვს ოლიგარქის პროკურატურისა და სასამართლოსი, მაგრამ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ ჩვენ ეს დაცინვა ამ პროკურატურას არ ვაპატიოთ“, – განაცხადა ლეთოდიანმა.

LB loan image desktop LB loan image mobile