20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა განახლდება

პუბლიკა

20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტებისა და ა.შ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიეწოდება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სადეზინფექციო სამუშაოს გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.


ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.