20 წელზე მეტია, საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონია, რაც დღეს მართლა ცოტაა - სუბარი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწფო ბიუჯეტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხალხის ძალის ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საპატრიარქო 25 მილიონის დაფინანსებას იღებს, „დღეს კი ეს თანხა მართლა ცოტაა“. სუბარის თქმით, კარგი იქნება, თუ თანხის გაზრდაზე იფიქრებენ.

სოზარ სუბარმა ეს განცხადება 5 ოქტომბერს გააკეთა.

„საინტერესო საკითხი წამოიწია და მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს, მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას.

20 წელზე მეტია ეს დაფინანსება 25 მილიონია, ამას ჩვენს პერიოდში დაემატა დაფინანსება, რომელსაც სხვა ტრადიციული რელიგიებიც იღებენ. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა. მით უმეტეს, რომ მე უკეთესად ვიცი რაში იხარჯება ეს თანხები საპატრიარქოში, მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში, 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებისკენ.

კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას და ა.შ. სჭირდება. ხელფასებიც, ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მართლა მინიმალური ანაზღაურება აქვთ.

იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება, ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ მართლა გაორმაგებაც კი არაფერი არ არის აქ, იმდენად ცოტა თანხაა“, – განაცხადა სუბარმა.