200-ლარიანი ერთჯერადი  დანამატი 10 121 ადამიანს  დღეს ჩაერიცხება

პუბლიკა

„60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა“, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა.

200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, 60 წლის და  ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც  პირველი დოზით აცრილები   ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად  ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლად გახსნილ  ანგარიშზე მოხდება.

ის ბენეფიციარები კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი  დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება,  თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.