„2000 სწრაფი ტესტი, ანტიგენზე დამყარებული, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისათვის, რომ ისევ PCR ტექნოლოგიით მოხდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რომელ კლინიკაში გამოიყენებენ ამ ტესტებს. არის 4 000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი ამ დიაგნოსტიკურ ალგორითმში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებებს, გაბუნია განმარტავს, რომ სწრაფი ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, საიდანაც ქვეყანას აქვს დაპირება, რომ უზრუნველყოფენ სწრაფი ტესტების მოწოდებას, ეტაპობრივად, მოკლე ვადაში.
„გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკება „Cepheid“-თან. მისი დასახლება შემიძლია, რადგან ის არის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია კატრიჯებისა, რომელიც ემყარება PCR ტექნოლოგიას და ეს კატრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებისთვის.
„Cepheid“-ის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სარწმუნო, სწრაფად შესრულებად ტესტებზე. ამდენად, ის მოლაპარაკება, რაც გვაქვს სათავო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეულ მოლოდინის რეჟიმში, ანუ რიგია მათ კატრიჯებზე. იმედი გვაქვს, აპრილის ბოლოსკენ გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კატრიჯებს. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას, უკვე იმ „ცხელების კლინიკებში“, რომლებიც ხვალ, 1 აპრილიდან უზრუნველყოფს მზაობას „ცხელების ზონების“ განთავსებისთვის“, – განმარტავს გაბუნია.