„ცხელების კლინიკები“ საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ცხელების კლინიკები“ საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება. მისივე თქმით, დღესდღეობით მსგავსი კლინიკა კახეთის რეგიონისთვის უკვე განსაზღვრულია და პაციენტებს მიმართვა შეუძლიათ.

„სია იქნება გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და stopcov.ge-ზეც. დღესდღეობით მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოქვეყნებული ეს სია. სულ მალე ჩვენს მოსახლეობას ექნება ამ სიის სრული ჩამონათვალი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რაიონულ კლინიკებში „ცხელების ცენტრების“ შექმნა გულისხმობს კლინიკების გადაკეთებას და მეტად მომზადებას იმისთვის, რომ უსაფრთხიდ მიიღონ და მართონ იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ცხელება აქვთ.

„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი მისამართი და მიმართულება, თუ იგი ჩათვლის საჭროდ ექიმთან ვიზიტს, თუკი მას აქვს მაღალი ტემპერატურა და სჭირდება სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის რეკომენდაციით, თუ აუცილებელი საჭიროება არ არსებობს, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ პირადად ექიმთან ვიზიტისგან და გადავიდნენ სატელეფონო კონსულტაციებზე.

„რა თქმა უნდა, საჭროების შემთხვევაში წინასწარი დაგეგმვის შედეგად, ისე, რომ იქ მინიმალურად მოხდეს რიგების შექმნა, პირველადი ჯანდაცვის ექიმები მზად არიან იმისთვის, რომ პაციენტების მიღება გააგრძელონ“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი უკვე ჩართულია და დღეს თბილისში ოთხი ცენტრი წარმატებით ართმევს თავს სატელეფონო ზარებს, რომელიც თავდაპირველად 112-ზე შედის და შემდეგ  ამ ზარების გადამისამართება ოჯახის ექიმთან ხდება.

„სადაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოჯახის ექიმი პაციენტს ესაუბრება, გამოკითხავს მის სიმპტომებს, შემდეგ ამ ეტაპზე ხდება განსზღვრა, რამდენად სჭირდება ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ხომ არ შეიძლება მისი მართვა სასწრაფო დახმარების გარეშე ოჯახის ექიმის მიერ და ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ იგეგმება აღნიშნული მოდელის გაფართოებაც.

„რადგან შესაძლოა ზარების რაოდენობამ მოიმატოს, რაც უკავშირდება ცხელებას ან სხვა სიმპტომებს, ან შეიძლება ადამიანს უბრალოდ სურს, გაესაუბროს ექიმს თავისი რისკებისა და იმის ალბათობის შესახებ, რამდენად შეიძლება მისი სიმპტომები უკავშირდებოდეს კორონავირუსს. ამდენად პირველადი ჯანდაცვის ექიმები იქნებიან პირველი ხაზის ექიმები და ესეც არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიიღონ და ჩაერთონ სატელეფონო კონსულტაციაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile