20:00-ზე პარლამენტთან რუსეთთან ფრენის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება

პუბლიკა

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – 20:00-ზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ინიციატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან და მათ პოლიტიკოსებიც უერთდებიან.

„ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე. ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა.შ. და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად. მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ“, – ნათქვამია „ტალღის“ და „ჯიუტის“ ორგანიზებული ღონისძიების აღწერაში.

„დღეს ყველა აქციაზე. არა რუსეთს საქართველოში!“ – ამ მოწოდებით უერთდება აქციას ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია Grlzwave.

პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებამ მარტის აქციებზე ევროკავშირის დროშით გაიცნო.

20:00-ზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც.

„გაიღვიძეთ, აქ ცხოვრებას თუ აპირებთ, შვილების აქ გაზრდას თუ აპირებთ, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ახლა არ გაქვთ. ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო პარტიების ან/და არასამთავრობოების საქმეა. არ გარუსდება ეს ქვეყანა არასდროს, მაგრამ რაც უფრო მეტი გაუვათ ამათ ახლა, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება მერე მოტრიალება“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ბრიფინგი გაიმართა პარტია „ლელოში“. ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე რუსეთთან ფრენს დაწყება ნიშნავს, რომ „ოცნება“ რაზავს კარებს დასავლეთისკენ, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და თავის მხრივ ხსნის ფართოდ კარებს ჩრდილოეთისკენ“.

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ღიად პრორუსული მთავრობა მართავს.

„ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს! რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი…. რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ! საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!“, – წერს ნიკა მელია.

„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე – გელოდებით რუსთაველზე, არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მიდის ხალხის და კონსტიტუციის წინააღმდეგ და  7 საათიდან ხალხს საქართველოს პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწდა.

დღეს, 19 მაისს აეროპორტთან, აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეები დააკავეს რამდენიმე მუხლით, მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

აეროპორტთან მოქალაქეები დღეს მოსკოვი-თბილისის რეისის დასახვედრად მივიდნენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტეს.