საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელმა განცხადებით, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს თავად იხილავდა მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. ამის შესახებ მან „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა. ზურაბ ნოღაიდელი, ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს.
ნოღაიდელის განცხადებით, 2005 წელს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი.
„მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს, დელიმიტაციასა და დემარკაციას ვიხილავდი მხოლოდ როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. ერთ-ერთ სხდომაზე იყო სწორედ ამ საკითხის განხილვა, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი, თუ რომელ მხარეს იქნებოდა, დავით გარეჯის სამ სალოცავზეა საუბარი. აქ ისე მიდის საუბრები, ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს დავით გარეჯის ყველა სალოცავი არის საკამათო. 2005 წელსაა ეს უშიშროების საბჭო. შესაბამისად, საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის სალოცავებზე, მონასტრებზე, კოშკზე. შესაბამისად, უშიშროების საბჭოზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს იქნებოდა ეს სამი სალოცავი. მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი, ზუსტად არ მახსოვს, გამოძიებასაც ეს ვუთხარი ჩვენებაში, მაგრამ ალბათ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იქნებოდა. ეს საკითხი იყო დეტალურად განხილული და იქ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის ეს სამი სალოცავი.
ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი თუს გარეშე ან იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს საბუთები, ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ, პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა, შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. ამის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რჩება ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი „დღის კურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია იჩილოვას არ იცნობს და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
30 სექტემბერს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთების შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ისინი სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას შეისწავლიდნენ.
გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ივერი მელაშვილის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, 7 ოქტომბრიდან კი ის და ილიჩოვა დაკავებული არიან. მოსამართლემ 8 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგმლობა გაიზიარა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.