2006 და 2010 წლებში ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის - ფინანსთა მინისტრი

პუბლიკა

„აქ ისიც მოვისმინე, რომ ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს დღეს, რაც ნამდვილად ტყუილია. 2006 წელშიც, 2010 წელშიც თუ არ ვცდები, ინფლაცია იყო ამაზე მაღალი, ვიდრე დღეს არის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ინფლაციის დონე პრობლემა არ არის, პრობლემა არის ძალიან ბევრი მიმართულებით“ – ასე უპასუხა დეპუტატების მიერ ინფლაციის შესახებ დასმულ შეკითხვას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე დეპუტატებს შეახსენა, რომ „ერთ-ერთი მთავარი, რაც პანდემიის დაწყების პირველი წლიდან მთავრობამ განახორციელა იყო, ის რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება“.

ლაშა ხუციშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ლარის კურსისა და ინფლაციის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. იცით, რომ დაახლოებით აპრილი-მაისის თვიდან ლარმა დაიწყო მნიშვნელოვანი გამყარება და ეს გამყარება გრძელდება. ყოველთვის, როდესაც ხდება მკვეთრი ცვლილება ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ბუნებრივია, ამას მოჰყვება გარკვეული რყევები დროის მცირე მონაკვეთში. ყოველთვის ასე იყო და არამხოლოდ საქართველოში არის ასე. შესაბამისად, როდესაც ბოლო დღეებშიც მოხდა მნიშვნელოვანი გამყარება ლარის კურსის, ბუნებრივია, ლარის კურსმა იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის ქვეყანაში და შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინი გვაქვს რომ იქნება უფრო სტაბილური მდგომარეობა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებაც ისაუბრა და ინფლაცია პანდემიას დაუკავშირა:

„ინფლაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს გამოწვევები ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლაცია არის პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მე დასახელებული მქონდა კონკრეტული მიმართულებები, რა მიმართულებითაც საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა ფასების ზარდა და ბუნებრივია ეს შუძლებელია, რომ არ აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე. ეს გარკვეულწილად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ინფლაცია პანდემიის ერთ-ერთი თანმდევი ეფექტია ეკონომიკაში და ბუნებრივია, როგორც პანდემიას და პანდემიის გავრცელებას ვერ შევძლებთ, რომ იზოლირებულად მხოლოდ საქართველომ აიცილოს თავიდან, ბუნებრივია ინფლაციის გადოდინებაც საქართველოზე შეუძლებელია, რომ არ იყოს. ამ მიმართულებით პოლიტიკის დონეზე რას აკეთებს მთავრობა და ეროვნული ბანკი – ეროვნული ბანკის მისია არის სწორედ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს ყოფნა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა ბანკმა. გარდა იმისა, რომ მან გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მას ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდეს“, – განაცხადა მინისტრმა.