რა სჭირს ლარს? რატომ ხდება ასე მოკლე ვადაში კურსის მანიპულაციური ცვლა? - ვაშაძე მინისტრს

პუბლიკა

„რა უბედურება სჭირს ლარს? რატომ ხდება ძალიან მოკლედ ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება? ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი, მაინტერესებს და რა მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმეს დღეში ჩააგდეთ?“, – ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.

„ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ისიც კი წაართვით ფაქტობრივად და ამ ლარის კურსის მანიპულაციით, ფაქტობრივად, კიდევ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ ქვეყნის ეკონომიკას. ახლა არ მითხრათ, რომ ეს ეროვნული ბანკის საქმეაო. თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი – რა სჭირს ლარს? რატომ ხდება ასე მოკლე ვადაში ლარის კურსის მანიპულაციური ცვლა?“, – მიმართა ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს.

გიორგი ვაშაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა პროდუქტის გაძვირებაზე და მინისტრს ამ პრობლემის გადაჭრის გეგმაზე ჰკითხა.

„როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის, კომუნალური გადასახადების? ძვირდება და ძვირდება ყოოველდღიურად ყველაფერი. რომ ამბობთ, ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებლებზე მიდისო, ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ. თქვენგან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან, გვაინტერესებს – რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფასები დასტაბილურდეს? რას აპირებთ ამ უმძიმესი მიმართულებით – პროდუქციის ფასების ზრდის კუთხით? სად არის თქვენი ხედვა? რა კონკრეტული ნაბიჯები გაქვთ?“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა მინისტრს შეკითხვა მზარდი საგარეო ვალის შესახებაც დაუსვა.