„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიების აკრძალვის პროცესიდან მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა.
ანა წითლიძის თქმით, მიზეზია მოსამართლის უკვე ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე – იგულისხმება 2003-12 წლის პერიოდში სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც სარჩელში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაა მოყვანილი. ასევე შუამდგომლობის საფუძველი გახდა ევა გოცირიძის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო ხელისუფლების ნაწილიც ჰქონდა „მითვისებული“ და მას, როგორც პრეზიდენტს, „განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა“. ენმ-ის შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
პლენუმმა ადგილზე ითათბირა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა „უსაფუძვლობის გამო“.
რევაზ ნადარაიას განცხადებით, პლენუმის სხვა წევრებიც ისმენდნენ ევა გოცირიძის შეკითხვებს და ვერ შენიშნეს რამე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმეზე. მისი თქმით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა.
რას მოჰყვა აცილების შუამდგომლობა?
გუშინდელ, 12 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კითხვა-პასუხის რეჟიმში არკვევდნენ, შეეძლო თუ არა პარტიას, კონტროლი ჰქონოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და 2003-2012 წლებში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულები, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმე, „უნდა შეერაცხოს თუ არა პარტიას“.
ევა გოცირიძემ ჩამოთვალა რამდენიმე საქმე და დასვა შემდეგი შეკითხვა:
„რობაქიძე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ცინდელიანი, ვალერი გელაშვილი, აზარაშვილი და ზაზა მესხი, ვამეხ აბულაშვილი, კობა დავითაშვილი…. ამ საქმეებს აერთიანებთ რამდენიმე მახასიათებელი – ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ; არც ერთის გამოძიება, გარდა გირგვლიანისა, არ მომხდარა თქვენი მმართველობის დროს; ამ მკვლელობებში ვინც იქნა მსჯავრდებული, ახალაია, კოდუა და ა.შ. ისინი იყვნენ დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ. დანაშაული როდესაც ხდება სახელმწიფოს აგენტის მიერ სიცოცხლის მოსპობა და ძალის გამოყენება; გამოუძიებლობა, რომელიც არის სახელმწიფო დანაშაული; წახალისება, როცა ხდება დაჯილდოება მკვლელების – ჩემი შეკითხვაა, ამ ყველაფერში ვინაა დამნაშავე და მმართველი პარტია არაა დამნაშავე საერთოდ?“
ამ საკითხზე მოსამართლეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ვრცელი დიალოგი გაიმართა.
პარტიის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ევა გოცირიძის კითხვა პოლიტიკურ შეფასებებს მოიცავს. მანვე სანდრო გირგვლიანის საქმეზე თქვა, რომ „ჩვენი პირადი შთაბეჭდილებებიც ძალიან მძიმე არის ამ საკითხთან დაკავშირებით“, რაზეც ევა გოცირიძემ უპასუხა, რომ „იმედია“.
ანა წითლიძემ მაშინვე მიუთითა მოსამართლეს, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა და გოცირიძე აზრს წინასწარ გამოხატავდა, მათ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოუწევდათ.
„რას გამოვხატავ, ქალბატონო, რომელი აზრი გამოვხატე, მაგალითად? ვთქვი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით-მეთქი. არ უნდა მქონდეს ამის იმედი?“- უპასუხა მას ევა გოცირიძემ.
როგორ განამრტა ევა გოცირიძემ მისი გუშინდელი განცხადებები
დღევანდელი შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემდეგ ევა გოცირიძემ განმარტება გააკეთა.
„პირველი საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და მე სპეციალურად არ დავასახელე ის საქმეები, რომლებიც არ იყო ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ. ამით, მინდოდა, ხაზი გამესვა, რომ ეს არის ერთი სპექტრი, ერთი მიმართულება ისეთი საქმეებისა, როცა სახელმწიფო ხდება პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე; შემდგომ აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში და ამით სახელმწიფომ დაარღვია უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება; შემდგომ აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ პრეზიდენტმა წაახალისა დამნაშავე პირები… იმ წუთას არ იყვნენ [მსჯავრდებულები] მაგრამ ფაქტია, რომ აღმოჩნდა, ვინც იყო თურმე დამნაშავე, იმ პირების წახალისება მოხდა. ამ კონტექსტში ვიკითხე, ჩაითვლება თუ არა ეს დანაშაულის წახალისებად. დანაშაულს თუ არ გამოიკვლევ, ესეც დანაშაულია და ასე შეუმოწმებლად და გაუფრთხილებლად ადამიანის წახალისება. ეს არის ჩვენი გამოსაკვლევი საკითხი. თქვენ ბრალს მდებთ, როგორ მკითხეთ, ეს ფაქტები შეერაცხება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასო“. ეს არის ჩვენი პირდაპირი გამოსაკვლევი საკითხი… მე დავსვი შეკითხვა, ეს იყო თუ არა მმართველი პარტიის პოლტიკის შედეგი. ფიქრობთ, რომ ამ შეკითხვის უფლება არ მაქვს? მე დაგანახეთ კონტექსტი, რომ ამ კონტექსტის მიხედვით გეპასუხათ შეკითხვაზე. ესაა გამოკვლევის საგანი და ვალდებულიც ვიყავი, რომ მეკითხა.
რაც შეეხება „იმედიას“, ეს იყო ერთგვარი დათანხმება თქვენს ნათქვამზე“, – განაცხადა გოცირიძემ.