ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებას არ ეთანხმება. ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემას ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ეუბნება ბრალდება მათთვის „ძალიან აბსურდული და მიუღებელია” და ერთი მოწმის, დავით ფეიქრიშვილის ჩვენებას ეფუძნება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს…ავთანდილ ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნულ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ეს ბრალი ძალიან აბსურდული და ჩვენთვის მიუღებელია, ვდაობთ და ვნახოთ, სასამართლოში ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალდება ამ მოცემულობას როგორ შეინარჩუნებს და სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს როგორ დააყენებს… ის წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმება. ვნახოთ, სასამართლო წინ არის. დადასტურდება ის გარემოება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს წარდგენილ ბრალში ქმედება არ განუხორციელებია. რა თქმა უნდა, შევხვდი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მიგვაჩნია, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა, საგამოძიებო მოქმედებებში ჩვენც ვერთვებით, ბრალდების მხარის იმედზე ნამდვილად არ ვართ“, – განაცხადა აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან”.
ადვოკატის თქმით, ავთანდილ ბილანიშვილი გლდანის ციხიდან ქსნის დაწესებულებაში გადაიყვანეს. „ციხის უსაფრთხოების პრეროგატივაა, ვის, სად გადაიყვანენ, ციხე, ციხეა ყველგან, ქსანში იმყოფება” – ამბობს თამარ აბესაძე.
ავთანდილ ბილანიშვილს დღეს პროკურატურამ ბრალდება სხვა ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან, შოთა ყიფიანთან, პავლე გოცირიძესთანა და დავით კაჭარავასთან ერთად დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა.
უწყების თქმით, ბრალდებულები ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ დავით ფეიქრიშვილის მიმართ 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე.
პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში ძალადობის საქმეზე პროკურატურამ სულ 7 პირს წარუდგინა ბრალი. მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.